17 მაისი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სამოქალაქო აგრესიას უკავშირდება. 2013 წელს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თავისუფლების მოედანზე შეკრებილ რამდენიმე ათეულ ქვიარ აქტივისტსა და მხარდამჭერს ათასობით ადამიანი დაგვესხა თავს.
ამ დღეს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა ღრმად ჩაიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში. მოგვიანებით ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ტრავმა წლების შემდეგაც ცოცხლობს და მას მძიმე ზემოქმედება აქვს დაზარალებულთა ცხოვრებაზე.
ეს თარიღი იმავდროულად წარმოადგენს კოლექტიურ ტრავმას, რომელსაც მრავალწლიანი, მრავალმხრივი და ორგანიზებული პოლიტიკური პროცესები, ჰომოფობიური კამპანიები უძღოდა წინ. საზოგადოების ნაწილის უპრეცედენტო მობილიზება მშვიდობიანი თანამოქალაქეების წინააღმდეგ სწორედ ამან განაპირობა. ასეთი ძალადობრივი აქტები სხვა დაპირისპირებების სათავე ხდება და საზოგადოებას აგრესიისა და გაუგებრობების უწყვეტ ჯაჭვში ითრევს.
ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რომელსაც პრობლემების იდენტიფიცირების, მისი გადაჭრისა და პრევენციული, პროაქტიული გზების მოძიების უნარი აქვს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოვლენების აღქმა არა ფრაგმენტულად და ერთჯერადად, არამედ მისი მოქცევა საერთო სურათში და ამ ათწლიანი გამოცდილების კრიტიკული გადააზრება.
17 მაისის ახალი ინიციატივის ფარგლებში ჟურნალ “ინდიგოსთან” თანამშრომლობით მომზადებული ისტორიების, ესეების, ინტერვიუებისა და ნააზრევისა თავმოყრა სწორედ ამ სურათის შექმნის და მასზე რეფლექსიის მცდელობაა.